25 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩის ინციდენტი - საქმეში ახალი ვიდეომტკიცებულებები გამოჩნდა

უკვე მეორე დღეა საზოგადოება ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ლევან ძნელაძის მხარის განმარტებას ელოდება. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ახალი კადრები გავრცელდა, დაზარალებულის ოჯახის წევრები მედიასთან კონტაქტს თავს არიდებენ.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამ ვიდეოს საფუძველზე ირწმუნება, რომ ძნელაძე არა დაზარალებული, არამედ თავდამსხმელია და სროლა სწორედ მან დაიწყო. დაცვა მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ინტერნეტში გავრცელებულმა ამ კადრმა, შესაძლოა გამოძიების მიმართულება რადიკალურად შეცვალოს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერით ჩანს, რომ თავდაპირველად დაპირისპირება ლევან ძნელაძეს და გივი ცინცაძეს შორის ხდება. ვიდეომასალაში ძნელაძეს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს, მალევე ჩხუბში სხვა პირებიც ჩაერთნენ.

ახალი ვიდეომტკიცებულება არ გამორიცხავს, რომ საქმეში, ბრალდებულებს და დაზარალებულებს სტატუსი შეეცვალოთ. გამოძიების პირველადი ვერსიით, ხუთკაციანი ჯგუფი, ლევან ძნელაძეს დაესხა თავს და მძიმე დაზიანებები მიაყენა, ახალი კადრებით კი ძნელაძეს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და გივი ცინცაძეს უმიზნებს. ცინცაძე იარაღის წართმევას ცდილობს.

მნივნელოვან მტკიცებულებად მიიჩნევს ინტერნეტში ატვირთულ ახალ ჩანაწერს ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით ჯაშის ინტერესების დამცველიც. სოსო ხარატიშვილი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ძნელაძისგან მხოლოდ თავს იცავდა.

იყო თუ არა ფიზიკურ დაპირისპირებამდე სიტყვიერი კამათი და გასროლა, დეტალებზე ყიფშიძის ქუჩაზე დღეს აღარავინ საუბრობს. შემთხვევის ადგილზე, სადაც ორმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რამდენიმე სათვალთავლო კამერაა, თუმცა კიდევ რა კადრები აქვს საგამოძიებო უწყებას ამოღებული, ამ დრომდე ოფიცილაურად არ გასაჯაროებულა.

დღის ამბები