19 აპრილი 2024,   01:21
ვრცლად
"ვეხვეწეთ და ხელი არ მოკიდეს" - მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე, რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

ხაშურში გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახი "ევექსის" კლინიკის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექიმებმა მშობიარეს საკეისრო კვეთა არ გაუკეთეს, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა.

მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე, რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. შეიქმნება შესაბამისი კომისია რომელიც ფაქტს ადგილზე შეისწავლის. 

"დაწყებულია საკითხის შესწავლისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურა. შუამდგომლობა უკვე გაგზავნილია სასამართლოში, შეიქმნება შესაბამისი რეგულირების კომისია და ადგილზე განხორციელდება საკითხის შესწავლა,"- აცხადებს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი. 

ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, პერსონალს, რომელიც მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში, დროებით, საბოლოო დასკვნის მიღებამდე სამედიცინო საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

"მშობიარობის მართვისას გამოიხატა გართულებები. გართულებების დროს გაწეული ქმედითი ღონისძიებებისა და ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ვეღარ მოხერხდა დედა-შვილის გადარჩენა. წესით ასეთი სირთულის შემთხვევა არ უნდა იმართებოდეს, ანუ აქ უნდა იდგეს საკითხი ოპერატიული რეფერირების, იმ დაწესებულებაში, რომელიც უფლებამოსილია ასეთი სირთულის შემთხვევების მართვის,"- განუცხადა "კურიერს" ხაშურის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა კახა ხელაძემ. 

შეგახსენებთ, ხაშურის "ევექსის" კლინიკაში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. 

40 წლის მშობიარე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სურამიდან ხაშურის საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადაიყვანა. 

დღის ამბები