17 სექტემბერი 2026,   13:53
ვრცლად
"შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს" - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს. საია რეაგირების მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს. საიას ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შემთხვევები. აღნიშნული ტიპის საქმეთა განხილვისას შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში წარსადგენად იყენებს საინფორმაციო ელექტრონული ბაზიდან (info.police.ge) ინფორმაციას ადმინისტრაციული სახდელების დადების თაობაზე, რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში, ერთ წელზე მეტი დროა გასული.

საიას განცხადებით, პირის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, რომლის ცვლილებას საფუძვლად დაედო საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს მოგებული საქმე. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში, სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვის შესაძლებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ, განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა დაუშვებელია. ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს 1 წლის ვადით. მიუხედავად ამისა, დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკაში მაინც 1 წელზე მეტი ვადით ახდენს ინფორმაციის შენახვას. 

საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები კანონთან შეუსაბამო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. 

დღის ამბები