18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"პროკურატურა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა"-მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, პროკურატურას "ივანიშვილის ადვოკატის კანტორა" უწოდა. აღნიშნული შეფასება ხაზარაძემ, დღეს პროკურატურის მიერ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

"საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე არის სასამართლოში, მობრძანდით სასამართლოში და იქ გავაგრძელებთ კომენტარების გაკეთებას", - აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საგამოძებო უწყებისთვის მიწერილი წერილი გამოაქვეყნა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი  ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხის დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები