ე.წ. მუქარის წერილზე 120 ანაბეჭდი აღმოჩნდა - ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე ლონდონის ლაბორატორიიდან მიღებული საბოლოო პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს. ხაზარაძე პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, რომ გამოძიებამ ეს ანაბეჭდები შეამოწმოს და პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.
საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც ხაზარაძემ პარლამენტში გამოსვლის დროს გააჟღერა. "თიბისის" დამფუძნებელი ირწმუნება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო წერილი კონკრეტული მოთხოვნებით, რომლებიც მათ არ შეასრულეს. ბრალდება ინფორმაციის გაჟღერებიდან მალევე უარყო თავად გიორგი გახარიამ.
"ექსპერტის დასკვნიანად და იმ 120 ანაბეჭდის დადასტურებით უახლოეს დღეებში ჩვენი იურისტები შეიტანენ ამ ყველა დოკუმენტაციას პროკურატურაში. ერთი საკითხია გასარკვევი, როგორ დავიცვათ ეს ორიგინალები განადგურებისგან, ქვეყანაში, სადაც ადამიანს ისეთ რამეს აბრალებენ, რაც არასდროს გაუკეთებია, მე თადუმაძის უწყებაში ყველაფერს ველოდები,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ოპოზიციას მმართველი გუნდის მხრიდან ხაზარაძეზე ზეწოლა არ უკვირს და ამ წერილსაც ზეწოლის ნაწილად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გასაკვირი არ იქნება, თუ წერილზე სუსის თანამშრომლების ანაბეჭდებიც აღმოჩნდება. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით კი ხაზარაძე ცდილობს, გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაფაროს და წერილზე საუბრის განახლებაც სწორედ ამას ემსახურება:
"ევროპული საქართველოს" ლიდერ გიგა ბოკერიას თქმით, ეს საკითხი სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს:
"პოტენციური მტკიცებულებაა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს დამადასტურებელი კიდევ ერთი პოლიტიკური დევნისა. არ მაქვს ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველი, მაგრამ შეფასება ასეთი მაქვს, ეს ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაშიც კი სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს," - განაცხადა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძის თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების შესახებ საუბარი სასაცილოა:
"არავინ გამოიძიებს, გადასცემენ სამხარაულის ექსპერტიზას და აბსოლუტურად სხვა რამეს იტყვიან და საერთაშორისო, მსოფლიო დონის ექსპერტებს ეტყვიან, რომ ისინი ცდებოდნენ და ფაქტობრივად ამით დამთავრდება ყველაფერი. ამ ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების შესახებ საუბარი არის სასაცილო," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ წერილის თემის გააქტიურება პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის გადაფარვას ემსახურება. მდინარაძეს წერილზე აღმოჩენილი ანაბეჭდების რაოდენობაც არალოგიკურად მიაჩნია.
"მუხრან მაჭავარიანის ცნობილ ლექსს დაემატებოდა ალბათ ხუმრობით: "გადადიოდა ხელიდან ხელში", 120 ანაბეჭდი არ ვიცი რა სფეროა, რადგან ასეა და 120 ანაბეჭდია, ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ გიორგი გახარიასი აუცილებლად იქნება ერთ-ერთი... ახალ თემას იგონებენ დღეს, იმიტომ, რომ გუშინდელი ძალიან ავტორიტეტული დასკვნა გადაფარონ რამენაირად. თუმცა საბოლოოდ რამდენად საფუძვლიანია ბრალდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ,"- აღნიშნა მდინარაძემ.
პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე უცხოელი ექსპერტის შეფასებით ე.წ ფულის გათეთრების საქმეში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებით პროკურატურის პოზიცია და ბრალდება სწორია. "ლელოს" სპიკერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული ექსპერტები პროკურატურის მიერ არიან დაქირავებულები და ფულს უხდიან, შესაბამისად, მათი დასკვნა ობიექტური ვერ იქნება.