30 დეკემბერი 2024,   19:58
ვრცლად
პროკურორი: მივიჩნევ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი პატიმრობაში უნდა იყოს

20 ივნისის საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი თვლის, რომ საქმეზე ბრალდებული ერთადერთი სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის, მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

2 ოქტომბერს იმერლიშვილი სასამართლომ ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე გირაოთი გაათავისუფლა.  

"ბრალდების მხარის პოზიცია არ გახლავთ, რომ მის მიმართ გამოყენებულიყო რომელიმე მსუბუქი სახის აღკვეთის ღონისძიება. ყოველთვის, ბრალდების მხარის პოზიცია იყო, რომ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით, ვინაიდან არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ მის მამხილებელ ჩვენებებს იძლეოდნენ სწორედ მისი თანამშრომლები. ახლაც მიმაჩნია, რომ ეს საფრთხე კვლავ სახეზეა, დღესაც მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. დღევანდელი მოწმის, ექსპერტის ჩვენება არსებითი მნიშვნელობის მქონე არის, იმდენად, რამდენადაც იგი ასახავს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კერძოდ, თუ რა ვითარებაში და რა დაზიანება მიადგა დაზარალებულს,"- განაცხადა გიორგი მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ერთადერთი სპეცრაზმელის პროცესი დასრულდა. ბრალდების მხარემ მოწმედ ის სამედიცინო ექსპერტი წარმოადგინა, რომლის ექსპერტიზის დასკვნა 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებული აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანებებს ასახავს. 

დღის ამბები