პედოფილიის სამიზნე - ასე შეაფასეს ბავშვთა უფლებების დამცველებმა ფოტო-ვიდეომასალა, რომელსაც 7 წლის გოგონას დედა თავად ავრცელებს. სოციალურ ქსელში მასალის გამოჩენას ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების, შემდეგ კი სახელმწიფო უწყებების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
მცირეწლოვნის დედა საკუთარ პოზიციაში პრობლემას ვერ ხედავს. რა საფრთხის წინაშე აყენებს დედა საკუთარ შვილს ამგვარი ქმედებით, ამის შესახებ მესამე სექტორი საუბრობს. სპეციალისტები მშობლის მხრიდან ბავშვის უფლებების უხეშ დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მსგავს ფოტო-ვიდეომასალას სოციალური ქსელში არაერთი მშობელი ავრცელებს. 7 წლის გოგონას ცეკვის ვიდეოს ნახვის შემდეგ საკითხზე კომპლექსური მუშაობის გადაწყვეტილება სახელმწიფო უწყებებმა მიიღეს.
ოჯახში მშობელთან და ბავშვთან სოციალური სამსახური და ფსიქოლოგები იმუშავებენ, სამართალდამცველები კი ოჯახს სავარაუდო დანაშაულის საფრთხეებს განუმარტავენ.
სოციალური სამსახური მცირეწლოვნის ოჯახთან აქტიურ მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს სოციალური ქსელიდან მასალის წაშლისკენ მოუწოდებს.