11 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
120 ანაბეჭდი მუქარის წერილზე - ხაზარაძე ანაბეჭდების ბაზის გადამოწმებას ითხოვს

მუქარის წერილზე, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო, 120 ანაბეჭდია. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ მათი ნაწილი, შესაძლოა, ერთ ადამიანს ეკუთვნოდეს.

კონკრეტულად რამდენი პირი შეეხო წერილს და ვინ არიან ისინი, საქართველოს პროკურატურამ უნდა დაადგინოს. ხაზარაძის ადვოკატები ბრიტანელი ექსპერტების დასკვნასა და წერილის დედანს საგამოძიებო უწყებაში, რამდენიმე დღეში შეიტანენ.

მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილზე გამოძიება ჯერ კიდევ მარტში მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ახლა, როცა დადგენილია თითის ანაბეჭდები, სპეციალისტები თვლიან, რომ პროკურატურას მათი იდენტიფიცირება შეუძლია. საგამოძიებო უწყებას შესაბამისი ბაზა აქვს.

პროკურატურის მიერ ანაბეჭდების იდენტიფიცირებას არ ელოდება ოპოზიცია. დეპუტატები ამბობენ, რომ მუქარის წერილის გამომგზავნის დადგენა ხელისუფლების ინტერესში არაა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზას სერიოზულად არ აღიქვამენ.

პროკურატურამ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა, სადაც ნათქვამია,  რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები სათანადო მტკიცებულებებს ეფუძნება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან იკვეთება სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. მსგავსი შინაარსის დასკვნა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოსთვის" მოულოდნელი არ ყოფილა. ხაზარაძის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ორივე ექსპერტი პროკურატურის მიერ არის დაქირავებული და ხელფასსაც სახელმწიფო უხდის.

მამუკა ხაზარაძის დაცვის მხარე დაქირავებული ექსპერტების დასკვნის მტკიცებულებად დართვას ეწინააღმდეგება. სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება 25 ოქტომბერს უნდა მიიღოს. მუქარის შემცველ წერილზე პირველად  ხაზარაძემ 4 მარტს განაცხადა, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ამბობდა, რომ შუამავლის გავლით სამპუნქტიანი მოთხოვნები მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

 

დღის ამბები