02 მაისი 2024,   01:19
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე დაკავებული 8 მოქალაქე ისევ პატიმრობაში დარჩა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მოქალაქეები ისევ პატიმრობაში რჩებიან, მოსამართლემ ადვოკატებს გირაოზე უარი უთხრა. დღეს საქალაქო სასამართლოში პარალელურად 2 პროცესი მიმდინარეობდა. ბრალდების მხარის მოტივი - მოწმეებზე ზემოქმედება და მიმალვის საფრთხე მიუღებელია ადვოკატებისთვის.

დაკავებულების ახლობლები საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და აქცენტს აკეთებენ სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 12 მოქალაქე, მაშინ, როცა საპატიმრო სასჯელი არ აქვს "გავრილოვის ღამის" მონაწილე არც ერთ პოლიციელს. პარალელურად დაზარალებულად არის ცნობილი 67 სამართალდამცველი.

ექსპერტებმა, რომლებმაც ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს, დაადასტურეს, რომ საქმის მასალებში მორის მაჩალიკაშვილი, ბეჟან ლორთქიფანიძე, ილია მემანიშვილი და გოგი ქურდოვანიძე ამოიცნეს.

ლორთქიფანიძე გირაოს სანაცვლოდ უკვე გათავისუფლებულია. დღეს დაკავებული მემანიშვილი ბრალდებას დაეთანხმა და პროკურატურის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

შემდეგ პროცესზე ადვოკატი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობას დააყენებს. მაჩალიკაშვილი და ქურდოვანიძე ბრალს კვლავ არ აღიარებენ.

კიდევ ერთი პირი, ვინც დღეს საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიაა. "ერთინი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის პროცესი არ შედგა, რადგან პროკურორების მოთხოვნით საქმის განხილვა 11 ნოემბრამდე გადაიდო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ცალკე წარმოებად გაგრძელდება ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის საქმე, რომელმაც თავი დამნაშავედ ცნო და ორ კვირის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დღის ამბები