პარტია "ახალი საქართველო" სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზის დეტექტორების უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივით გამოდის.
როგორც დღეს პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ აღნიშნა, ვინაიდან დეტექტორების დაყენება სავალდებულო ხდება, სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებს საჩუქრად უნდა გადასცეს.
"გამოვდივართ ინიციატივით ხელისუფლებამ გაზის დეტექტორები საჩუქრად გადასცეს სოციალურად დაუცველ 125 000 ოჯახს. ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 104 ადამიანზე მეტი დაიღუპა. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების დიდი ნაწილის საცხოვრებელი პირობები არის მძიმე. სახსრების ნაკლებობის გამო მეტია ალბათობა, რომ მათი გამათბობლები არ აკმაყოფილებდეს დადგენილ ნორმებს," - აღნიშნა "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა.