პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ვახტანგ გომელაურის, სოსო გოგაშვილის და ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა.
მაჩალიკაშვილი თვლის, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილსა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელს ირაკლი ჩიმაკაძეს მიუძღვის.
"რატომ წელიწადი და 10 თვის მერე. კონკრეტული ორი პირია ვინც დაუშვა ეს შეცდომა, ვისაც შეეშალათ ბინა, ვინც შევარდნენ, ვინც მოიპარა ყურსასმენები, ვინც შეაგდო ლიმონკა. ეს ორი ადამიანია იოსებ გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე, ნაძირალა ორივე, გახრწნილი. სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, მისმა ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიმაკაძემ ჩვენება გენერალურ პროკურატურას პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.
ცნობისთვის, სუსი თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.