უკვე რამდენიმე საათია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძესთან გასაუბრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატებს კანდიდატთან შეკითხვები გამოცდილებასა და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აქვთ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მწვავე შეკითხვები დაუსვა სილაგაძეს საკუთარი შვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც პაატა სილაგაძეს განაჩენი აქვს გამოტანილი. ბესელიამ მოსამართლეობის კანდიდატი წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა.
"თქვენ აქ უტიფრად, ჯალათის სახით ხართ მოსული. თქვენ ხართ ჯალათი. თქვენ ხართ მოსამართლე, რომელსაც არ გაქვთ არც ჰუმანურობა, არც კომპეტენცია, არც კანონი იცით და არც კონვენციის მეექვსე მუხლს სცემთ პატივს და უბრალოდ ბრმად შეასრულეთ პოლიტიკური დავალება," - მიმართა ბესელიამ სილაგაძეს.
თავის მხრივ, პაატა სილაგაძემ უპასუხა, რომ ამ განაჩენს დღესაც ხელს მოაწერდა.
"მე ვამბობ, რომ ეს არის სუბიექტური დამოკიდებულება ორივე შემთხვევაში. დღესაც ვამბობ, რომ იმ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რაც საქმეში დევს, დღესაც იმ განაჩენს მოვაწერ ხელს," - აღნიშნა პაატა სილაგაძემ.
დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, როგორ მოხვდა პაატა სილაგაძე იმ 10-კაციან სიაში, რომელსაც დეკემბერში საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
"როგორ მოხვდით 10-კაციან სიაში? ჰომოსაპიენსი ხართ ბატონო პაატა?! მოგწონთ თქვენი თავი, გინდათ სარკე შემოგიტანოთ?! მე ვიცავ პარლამენტის ინსტიტუტს და თქვენს ადგილას ბატონო დავით (მათიკაშვილი) მანდატურს დავუძახებდი და ვეტყოდი, მოკიდეთ ბატონ პაატას ხელი და გააგდეთ ამ ოთახიდან-თქო, აი, ასე მოვიქცეოდი," - მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სილაგაძეს.