18 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ყოფილმა პროკურორმა, რომელიც სისტემურ პრობლემებზე საუბრობს, შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს

მოითხოვს თუ არა ყოფილი პროკურორი პოლიტიკურ თავშესაფარს - სალომე ადეიშვილის საქმეზე "კურიერისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ სავარაუდოდ, ადეიშვილი არ არის ერთადერთი პროკურორი ქალი, რომელიც სისტემური პრობლემების გამო პროკურატურასთან ერთად ქვეყანას ტოვებს.

გარდა ამისა, "კურიერმა" გაარკვია, რომ სალომე ადეიშვილმა აშშ-ის ვიზა კიდევ ერთ პროკურორ ქალთან ერთად აიღო და არ არის გამორიცხული, მათ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ.

ამის შესახებ "კურიერთან" თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე და სალომე ადეიშვილის ერთ-ერთი რეკომენდატორი გიორგი გაბოძე საუბრობს. გაბოძე ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელია და ადასტურებს, რომ სისტემაში პრობლემები ნამდვილად არსებობს.

"მასთან ერთად სხვამაც აიღო ვიზა და მე არ მინდა ვივარაუდო და ვიფიქრო, რომ ეს სალომემ თავშესაფრის მიღების გამო გააკეთა. მე ვადასტურებ, რომ სამართალდამცავ ორგანოებში და არამხოლოდ პროკურატურაში ასეთი პრობლემები არსებობს და ამ პრობლემებს მიხედვა უნდა," - აღნიშნა გიორგი გაბოძემ.

სისტემაში რეალურად არსებულ პრობლემებზე პროკურატურის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი საუბრობს. მაია მწარიაშვილის აზრით, სისტემური პრობლემები სახელმწიფოს მოსაგვარებელია.

"ამ წერილში ერთი პროკურორის ხედვით ძალიან კარგად ჩანს ის პრობლემები, რაც არის სისტემაში. ნეპოტიზმი საჯარო სამსახურებში არის ამ ქვეყნის პრობლემა, უბრალოდ ის უფრო მწვავედ დგას პროკურატურაში. ამ უწყებაში პროკურორის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. სისტემური პრობლემების არსებობაზე გამოძიება არ იწყება და პროკურატურის გენინსპექცია არ იკვლევს  ამ საქმეებს. ეს სხვა ტიპის პრობლემა, სახელმწიფოს და ხელისუფლების პრობლემაა," - აღნიშნა მაია მწარიშვლმა.

 

დღის ამბები