უამინდობამ აჭარაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა.
"მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე პოლიციის ჯგუფები. მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი,"- აღნიშნულია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, აჭარაში მეწყერის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ერთი ხიდი დააზიანა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.