18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - EMC მაღალჩინოსების გამოკითხვის ჩვენებების დეტალებს ასაჯაროვებს

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალებში ხარვეზებია -  ინფრომაციას EMC ავრცელებს.

ორგანიზაციამ საქმეზე სუსის მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმები მოიპოვა, მათ შორის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის, მაშინდელი სუსის უფროსის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილეების სოსო გოგაშვილისა და პაატა ჯაჭვაძის ჩვენებები.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" მოპოვებული ოქმები ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა.

როგორც EMC-ის იურისტები აცხადებენ, საქმეზე პირველად მაღალჩინოსნები აგვისტოს თვეში გამოიკითხნენ, თუმცა იმ კრიტიკული კითხვებით, რომელიც მათ მიმართ არსებობს, გამოძიება არ დაინტერესებულა. შესაბამისად, იურისტების ინფორმაციით, შეუძლებელია ამ გამოკითხვების ოქმებით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"საინტერესოა ბატონ ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი, რომელიც შეიცავს მითითებებს ჩატარებული სპეცოპერაციის დაგეგმვის თაობაზე და ეს მითითები ავლენს საკმაოდ სერიოზულ სახელმწიფო ხარვეზს სუსის ფუნქციონირების თაობაზე. გომელუარი უთითებს, რომ არ არსებობს რაიმე სამართლებრივი სტანდარტი და დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ხორციელდება სპეციალური ოპერაციები," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

EMC -ის დირექტორის თამთა მიქელაძის განმარტებით,  გამოძიების საწყის ეტაპზევე იყო დაშვებული მნიშვნელოვანი ხარვეზები და  პროკურატურა რეალურ გამოძიებას ამ საქმეზე არ ატარებს.

იურისტების თქმითვე, რამდენჯერმე გამოითხოვეს სპეცრაზმელის ჩვენება, თუმცა პროკურატურაში განუცხადეს, რომ სპეცრაზმელის ჩვენება შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და ვერ გადასცემდნენ.

 

დღის ამბები