18 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ვიმყოფები საქართველოში - დაკავებული ექიმი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული და ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს.

აღნიშნულ ინფორმაციას, ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგები, საოკუპაციო რეჟიმის ყოფილ პატიმრებზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ," - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი.

ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ.

14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს.  15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს.

დღის ამბები