21 დეკემბერი 2024,   16:22
ვრცლად
37 დაკავებულის საქმე და 1 მოსამართლე - აქციაზე დაკავებულთა ადვოკატები "ხელოვნურად გაჭიანურებულ პროცესს" აპროტესტებენ

საქალაქო სასამართლოში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების პროცესი დღეს 14:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

ადვოკატები საქმის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ. 37 დაკავებულის საქმეებზე მსჯელობა გიგა მაქარაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და პაატა სოსანაშვილის პროცესით დაიწყო. ისინი დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ. ირაკლი კაჭარავამ სასამართლო სხდომაზე პოლიციელები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

საქმის მასალების გაცნობისთვის და დაკავებულების უდანაშაულობის მტკიცებულებების მოსაპოვებლად ადვოკატებმა დღეს სხდომის გადადება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და რამდენიმე საათიანი შესვენება გამოაცხადა, რასაც ადვოკატის და სამოქალაქო აქტივისტების გაღიზიანება მოჰყვა.

სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა მოსამართლე დაკავებულმა ბექა ბასილაიამაც. ბასილაიასთან ერთად მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებოდა კიდევ 5 პირი, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილიც.

სხდომას ესწრებოდა ზუკა ბერძენიშვლის მამა დავით ბერძენიშვილი, რომელმაც სხდომის გაჭიანურება დაკავებულების საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შეზღუდვით ახსნა.

დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლო პროცესებზე მივიდა გუშინდელ აქციაზე დაკავებული, მოგვიანებით ხელწერილით გათავისუფლებული ზურა ჯაფარიძეც.

საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მწერლები და მსახიობები. 

გუშინ, პარლამენტის წინ და მის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა სულ 37 პირი დააკავეს, მათი ნაწილი გვიან ღამემდე პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ. მოგვიანებით კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 37-ვე დაკავებულს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობა ედება ბრალად.

ავტორი: ქეთი ზანთარაია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები