09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ნეპალში მიწისძვრის გამო 1500 ადამიანია დაღუპული

კატმანდუს მე-19–ე საუკუნის კოშკის ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 9-სართულიანი ნაგებობა, რომელიც ნეპალის ერთ–ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, ძლიერმა მიწისძვრამ მთლიანად მიწასთან გაასწორა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ათობით ადამიანი იყოს მოყოლილი.

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ცენტრალურ რეგიონებში დღეს დილით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქ კატმანდუს ჩრდილო–დასავლელით 80 კილომეტრის მოშორებით იყო.

პირველი მიწისძვრიდან ნახევარ საათში რეგიონში თითქმის 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები განმეორდა.

მსხვერპლის რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო ოფიციალური ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი 1500–ს აღწევს, დაშავებულია 2 ათასამდე ადამიანი. მათ სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ უწევენ, რადგან მიწისძვრამ, საცხოვრებელ სახლებთან და კატმანდუს ისტორიულ ცენტრთან ერთად, საავადმყოფოს შენობებიც გაანადგურა.

ნეპალის მხარესთან მუდმივ კონტაქტზეა ინდოეთში საქართველოს საელჩო. დიპლომატიურ უწყებას ამ ეტაპზე დაშავებული მოქალაქეების შესახებ ცნობა არ მიუღია. ცნობილია, რომ ნეპალში საქართველოდან წასული რამდენიმე ტურისტული ჯგუფი იმყოფება. მათი ნაწილი ახლობლებს უკვე დაუკავშირდა.

ნეპალის ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან დახმარებას ითხოვს. თუმცა, სამაშველო სამუშაოები შესაძლოა, მიწისძვრის შედეგად კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტის დაზიანებამაც შეაფერხოს.

ბიძგებმა ევერესტზე, სადაც აპრილში ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონია, ზვავიც გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, ჩამოწოლილმა თოვლმა ალპინისტების ბანაკის ნაწილი ქვეშ მოიყოლა და 18 სპორტსმენი იმსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა უმეტესობა უცხოელია.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ნეპალის მეზობელ ქვეყნებშიც. ძლიერი ბიძგები ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, ტიბეტსა და ბანგლადეშშიც იგრძნობოდა. დაღუპულია 50–მდე ადამიანი.

 

ავტორები: ნინო დვალიშვილი, გივი კაჭარავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები