ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სახალხო დამცველის კრიტიკულ ანგარიშს იზიარებენ ოპოზიციაში.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აღნიშნულ საქმეზე მიუკერძოებელ გამოძიებას არ ელოდება და მიიჩნევს, რომ ია კერზაიას საქმეზე კვალიფიციური გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარდება.
"სახალხო დამცველს, ისევე როგორც კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილი არ უსმენს, განსაკუთრებთ ახლა, ამ აგონიურ ბოლო ფაზაში მისი მმართველობისა. ამიტომ, არ ველოდით ამ გამოძიებისგან რამე კონკრეტული შედეგის დადგომას ივანიშვილის უდიპლომო პირადი ადვოკატის პირობებში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ამ საქმეზეც საზოგადოებას ექნება პასუხები კვალიფიციური, მიუკერძოებელი გამოძიების მხრიდან,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში პროკურატურის სისტემური დარღვევები გამოავლინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოკვლევა დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.