22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
სახალხო დამცველის აპარატი პროკურატურის ზედამხედველი ორგანო არ არის - პროკურატურა ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა არ იზიარებს სახალხო დამცველის განცხადებას ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ  უწყებამ განცხადება გაავრცელა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის შეფასებები არსებული ფაქტების მიმართ არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში, სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც სცილდება, რადგან იგი არ წარმოადგენს პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმეების ზედამხედველ ორგანოს.

"საგამოძიებო უწყებას მიაჩნია, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივ  რეაგირებასთან  დაკავშირებული შეფასებები, არსებული ფაქტების მიმართ არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც  სცილდება, რადგან იგი არ წარმოადგენს პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმეების ზედამხედველ ორგანოს.

სრულად გაუგებარია  სახალხო დამცველის პოზიცია გამოძიების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რადგან ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა 2018 წლის 19 დეკემბერს, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ. 

ბაჩანა შენგელიას მომართვის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ,  კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო განცხადების განხილვა. ამ პროცესში გასაუბრება შედგა როგორც ბაჩანა შენგელიასთან, ასევე სხვა პირებთან, საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა საკითხთან შემხებლობაში არსებული ყველა საჭირო  ინფორმაცია.
შედეგად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო  2019 წლის 11 თებერვალს.

რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნისას (2019 წლის 19 დეკემბერი) სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე აღარ ინახებოდა, შესაბამისად,  გამოძიება ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას ეს მტკიცებულება მოეპოვებინა. 

ამასთან, საქართველოს პროკურატურა არაობიექტურად მიიჩნევს სახალხო დამცველის პოზიციას არაერთგვაროვანი მიდგომის გამო, თუ რატომ გაეცნო ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს იმ ვითარებაში, როცა მას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ   პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და ბაჩანა შენგელიას საქმის მასალები გააცნო მისი თხოვნის გათვალისწინებით,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 

დღის ამბები