22 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ომბუდსმენი პროკურატურას კერზაიას საქმეში დარღვევებზე მიუთითებს - პროკურატურა ომბუდსმენს კომპეტენციის ფარგლებში დარჩენას ურჩევს

სახალხო დამცველმა ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში პროკურატურის სისტემური დარღვევები გამოავლინა.

როგორც ომბუდსმენის ოფისის ანგარიშში აღნიშნულია, მოკვლევა დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

ბრძოლა რომ სამართლიანია, სახალხო დამცველის აპარატის გამოქვეყნებული დასკვნის გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ბაჩანა შენგელია.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო გახდა შეუძლებელი.

ომბუდსმენის შეფასებას არ იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურა. უწყება აპარატის დასკვნას განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც პროკურატურის ოფიციალურ პასუხში წერია, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული შეფასებები, არსებული ფაქტების მიმართ არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც სცილდება.

დაგვიანებული გამოძიების მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ სიმართლე მაინც დადგინდება.

ოპოზიციის ბრალდება დღეს უპასუხოდ დატოვა მმართველმა გუნდმა. უმრავლესობას არც ომბუდსმენის განცხადება შეუფასებია.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად, 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლასა და ანგარიშსწორებას უკავშირებს.

ავტორი:სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები