25 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა პანკისში - მკვლელობაში ბრალდებული რამაზ ხანგოშვილი და არბი ქავთარაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პანკისში ყველა ელოდება უხუცესთა შეკრებას, სადაც ავტორიტეტები ინგუშეთიდანაც უნდა ჩავიდნენ. ყველა ცდილობს თავიდან აირიდოს დაანონსებული სისხლის აღება.
დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე, არბი ქავთარაშვილსა და რუსლან ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა, თუმცა ძალიან დიდია რისკი იმის, რომ ეს პანკისში 27 ნოემბერს მომხდარი მკვლელობა მხოლოდ სასამართლოთი არ დასრულდება.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს სრულად აღიარებენ. თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს რამაზ ხანგოშვილი და არბი ქავთარაშვილი პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებების გაყალბების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ადვოკატი საშიშოებას მათი გათავისუფლების შემთხვევაში დაპირისპირების განახლებაში ხედავს.

პროცესი დღეს დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდგომ ბრალდებულების ოჯახებმა სასამართლო მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვეს. მათ არც გვარებს შორის დაპირისპირების დეტალებზე უსაუბრიათ.

ორ გვარს შორის დაპირისპირება, რომ მხოლოდ ციხით არ დასრულდება ამაზე საუბრობს მოკლულის ოჯახი. 37 წლის ვისური მუთოშვილის ახლობლები ტრადიციებზე უარის თქმას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მათი პასუხი ადათობრივი სამართლის აღსრულება იქნება. ამ ეტაპზე ოჯახი დათანხმდა მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებას უხუცესებსა და დაპირისპირებული მხარის შუამავლებთან ერთად დაესწრებიან.

გვარების შერიგების აუცილებლობაზე საუბრობენ უხუცესები, მათი ნაწილი მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შურისძიება და დაპირისპირება შესაძლოა მძიმე დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 

პანკისის ხეობაში ორ გვარს შორის დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს ვისური მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. გამოძიებას მომხდარზე ჯერ მხოლოდ ორი ბრალდებული ჰყავს, მომდევნო სასამართლო სხდომა 22 იანვარს ჩაინიშნა.

დღის ამბები