ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
კამათი და დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის დავით მჟავანაძის სტატუსს მოჰყვა, სადაც ის "ქართული ოცნების" დეპუტატის ქეთევან ვასაძის ატესტატის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებდა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ განაცხადა, აღნიშნულის გამო საკრებულოს თანამშრომლები მას სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.
"წინა კვირის ბიუროს სხდომაზე, როცა მოვედით აიპ-ის თანამშრომელი ცოცხით დაგვახვედრეს. დღეს მოვედით საკრებულოს სხდომაზე და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გვეუბნება, რომ რა უფლებით უნდა ვესწრებოდეთ საკრებულოს სხდომას. თავმჯდომარის მოადგილე იძახის რომ გადით, საერთოდ დატოვეთ საკრებულოს სხდომაო და ვერ ვხედავთ ვერანაირ აზრს ამ პირობებში ვიჯდეთ და რამე კონკრეტული საკითხების განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა. ადამაინები საერთოდ მოწყდნენ რეალობას," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძის განმარტებით, დავით მჟავანაძეს მორალური უფლება არ აქვს სხოდმებს დაესწროს.
"ჩვენ მას მოვუწოდეთ, რომ მას არ ჰქონდა მორალური უფლება ყოფილიყო საკრებულოს სხდომათა დარბაზში და ისიც ვუთხარით, რომ ხულიგნების ადგილი ნამდვილად არ არის საჯარო სივრცეში, იმიტომ რომ ხალხი ამას ხედავს. მან შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს წევრს, მის კოლეგას - ქალბატონს და დღეს მოვიდა და გაიკეთა ნარინჯისფერი ლენტი თითქოს ემიჯნება ქალთა მიმართ ძალადობას," - აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.
დაპირისპირებაში "ქართული ოცნების" წევრებიც ჩაერთნენ, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.