სკოლაში, სადაც გუშინ სპეცოპერაციის დროს ერთი პედაგოგი დააკავეს, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა გაკვეთილებზე დასასწრებად არ მისულან მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც მძიმე დანაშაულის მსხვერპლები არიან.
ყველა მოზარდთან, რომლებიც ინტიმური ხასიათის ფოტოსესიებში მონაწილეობდნენ, ფსიქოლოგები მუშაობენ. საუბარია შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში დაწყებულ გამოძიებაზე, რომლის დირექტორიც განმარტებებს დაკავების შემდეგ არ აკეთებს.
სკოლის პედაგოგები აღნიშნავენ, რომ დაკავებული მასწავლებელი გარემოებების მსხვერპლია.
"ორი-სამი წლის წინ მოვიდა ბავშვებს პატივი სცა, ბოლო ზარის და ბანკეტის ფოტო-ვიდეო უფასოდ გადაუღო, ეს ადამიანი კი თურმე ამ სიკეთეს იმიტო აკეთებდა, რომ ეს სიბინძურეები ჩაედინა და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა," - განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
"პედაგოგი არის გარემოების მსხვერპლი და ეს ბრალდებები ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაუმტკიცონ. რაც შეეხება ბავშვებს ისინი ძალიან კარგი ბავშვები არიან, დღეს რამდენიმე მათგანი მოვიდა სკოლაში" - განაცხადა სკოლის პედაგოგმა.
დაკავებული პედაგოგის უფლებადამცველი ნოდარ ცინცაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არავითარ კავშირში არ არის საქმესთან და ინფორმირებულიც კი არ იყო. ადვოკატის თქმით, ყველა ის პირი, ვისაც ოდესმე შეხება ჰქონდა ამერიკის მოქალაქესთან, პასუხისგებაშია მიცემული.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებებს, ეჭვის დონეზეც კი არ იცოდა არაფერი, ამის დამადასტურებლად ის იშველიებს მის სოციალურ ქსელში არსებულ მიმოწერას, სადაც ამერიკის მოქალაქემ მას გადმოუგზავნა ერთ-ერთი არასრულწლოვნის ფოტო და მიუთითა ტექსტში, ნახეთ რა კარგი ფოტო გამოვიდაო. ამ ფოტოში ეს არასრულწლოვანი ჩვეულებრივ არის ჩაცმული და არანაირ პორნოგრაფიის და ეროტიკის ელემენტები არ ჩანს, - " განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.
11 პირი პორნოგრაფიის საქმის ფარგლებში, ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის დროს გუშინ დააკავეს.