"კურიერმა" მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის ხმა, რომელიც დავალებებს იძლევა და ინტერნეტთამაშში არასრულწლოვნის ჩათრევა სურს. შესაძლოა, ეს სწორედ "ლურჯი ვეშაპია", თუმცა არც ის არის გამორიცხული, საქმე სხვა სახიფათო თამაშთან გვქონდეს.
უცნობი, რომლის ფეისბუქგვერდითაც რთულია პიროვნების იდენტიფიკაცია, მსხვერპლს, როგორც ჩანს, მოზარდებს შორის ირჩევს, თუმცა ამჯერად ის მოზარდის დედამ ჩაწერა. აუდიომასალა მშობელმა დღეს "რუსთავი 2-ს" გადასცა.
ამის შემდეგ მოზარდის დედამ გადაწყვიტა, თავად გაერკვია რა სახის თამაშს სთავაზობდა სოციალური ქსელის მეშვეობით მისთვის უცხო პირი.
მშობელი ამბობს, რომ თავდაპირველად ანონიმი ე. წ. მსხვერპლს თავს აცოდებს, მის მარტოობასა და პრობლემებზე უყვება, ხოლო შემდეგ დავალებებს აძლევს.
მშობელი შიშობს, რომ ამ შემთხვევაში მის შვილს, შესაძლოა, "ლურჯი ვეშაპის" ან სხვა სახიფათო თამაშში ჩართვისკენ უბიძგებდნენ.
სწორედ ამიტომ, დედა, რომელიც საჯაროდ შვილის უსაფრთხოების გამო არ ჩნდება, საკუთარი სურვილით დაუკავშირდა ფეისბუქმომხმარებელს, რომელიც მოზარდს დავალებებს აძლევდა და თამაშში მონაწილეობას სთხოვდა.
აუდიომასალაში, რომელიც მოზარდის დედამ "კურიერს" გადასცა, ანონიმი ვიდეოთვალის ჩართვას და ვიზუალის დანახვას ითხოვს, რის შემდეგაც ეტაპობრივად დავალებებს გასცემს.
აუდიოჩანაწერში ანონიმი არც იმას უარყოფს, რომ ინტერნეტთამაშში არაერთი მოზარდი უკვე ჩაერთო.
სახიფათო თამაშების მომატებულ სტატისტიკაზე საუბრობენ ფსიქოლოგები. სპეციალისტები მიიჩნვენ, რომ ერთადერთი გამოსავალი, შვილი ამ საფრთხისგან დაიცვა - თანადგომა და ხშირი კომუნიკაციაა.
უახლოეს დღეებში აუდიოჩანაწერებსა და ინტერნეტსივრცეში განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე სამართალდამცველები კონკრეტულ პირებსაც გამოკითხავენ.
შსს-მ ე. წ. "ლურჯ ვეშაპზე" გამოძიება დაიწყო.