რუსთავის მოსახლეობა მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნის წინააღმდეგ აქციებს მართავს. სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელმაც განაშენიანების გეგმა დაამტკიცა.
არასამთავრობოები და სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ ისედაც რთული ეკოლოგიური ვითარების ფონზე, რუსთავს ახალი პრობლემა დაემატება. ერთ-ერთი მთავარი სადავო თემა კი მანძილია. ტერიტორიას, რომელზეც შესაძლოა ქარხანა აშენდეს, დასახლებულ პუნქტს მხოლოდ 350 მეტრი აშორებს.
მათ ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებაში დაადანაშაულეს.
ბრალდებებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზეზები განმარტა. ლევან ონიანი აქტივისტების შეფასებას ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ იზიარებს.
საკრებულოსგან განსხვავებით უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსთავის მოსახლეობა, რომელიც ქარხნის მიმდებარედ იცხოვრებს. ადგილობრივები საწარმოს ამოქმედებით ჯანმრთელობისა და ეკოლოგიისთვის გარდაუვალი ზიანის საფრთხეზე აკეთებენ აქცენტს.
მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება 16 აპრილს, განუსაზღვრელი ვადით გაიცა. რუსთავის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმა 29 ნოემბერს დაამტკიცა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კომპანიას სამშენებლო პროექტი ამ დრომდე არ წარუდგენია, შესაბამისად, საწარმოს მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის.