გადასინჯვა არ იქნება - სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე 18 ივლისს გამოტანილ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა არ მიუბრუნდება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ. ე.წ. ფილტრაციის კოლეგიამ მიიჩნია, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი მეპატრონეები ძმები ყარამანიშვილების სარჩელს - გადაიხედოს 18 ივლისის სტრასბურგის ვერდიქტი, საფუძველი არ გააჩნია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ, არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ კითხვები და სპეკულაციები ტელეკომპანიის მფლობელის კანონიერებასთან დაკავშირებით დასრულებულია. პაატა სალიას განმარტებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არხის მფლობელის შეცვლის დღიდან გაჩენილი ეჭვები, მათ შორის, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშად ჩარევის თაობაზე - უსაფუძვლოა.
გადაწყვეტილების შეფასება არ ისურვეს ძმებმა ყარამანაშვილებმა და მათმა უფლებადამცველებმა.
რაც შეეხებათ მედიაექსპერტების ნაწილს, მათთვის დავა ამით არ დასრულებულა. ნათია კუპრაშვილი საქმის სტრასბურგში გაგრძელების პერსპექტივებს ხედავს, თუმცა უკვე სხვა სახელების მონაწილეობით. ექსპერტები განმარტავენ, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო სამართლებრივი პერსპექტივიდან და არა იმ რეალობაზე დაყრდნობით, რომელმაც მედიაგარემო შეცვალა.
იურისტების თქმით, იშვიათია შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლო მსგავს საჩივარს აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ, მათთვის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე განმარტავს, რომ სტრასბურგს ეჭვქვეშ ვერ დააყენებს, თუმცა იურისტთა ნაწილისთვის კითხვები კვლავ ძალაში რჩება.
პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში." მათ "რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ოპოზიციის ნაწილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებას სამწუხაროდ მიიჩნევს, რაც მათი თქმით, სტრასბურგის ისტორიაში საამაყო ფურცლად ვერ ჩაითვლება.
შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და აქცენტი ქვეყნის ეროვნული სასამართლოების ნაწილზე გააკეთა, რომელთა გადაწყვეტილებებიც მისი თქმით სტრასბურგმა კანონიერად ცნო.
18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ქვეყნის ვერცერთი ინსტანციის სასამართლოში უფლებრივი დარღვევები ვერ აღმოაჩინა. ვერც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ვერც სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართულებით. შესაბამისად, არხის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნება კანონიერად ჩათვალა.