"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ, ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
ადვოკატი საქმის აბსურდულობაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ უგულავას მიმართ არანაირი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ მოხდება.
უგულავა მის წინააღმდეგ აღძრული საქმის უკან პირადად ბიძინა ივანიშვილს ხედავს და ამბობს, რომ მას შურისძიება ამოძრავებს. ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ სასამართლომ, შესაძლოა პასპორტი ჩამოართვას.
"ეს ადამიანები ხელისუფლების რომელიმე შტოს ან რომელიმე პირის დავალებას ასრულებდნენ და დარწმუნებული ვარ, რადგან მათ გადაწყვიტეს სასამართლოს წარმოება და თან აბსოლუტურად ცინიკურად ბრალი მე წამიყენეს, თითქოს მე ვცემე ვიღაც ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოსტი. დავამტკიცემბ, რომ ეს ადამიანი მოძალადეა. არ გამოვრიცხავ, მოსამართლეს დაავალონ პასპორტის ჩამორთმევა, იმისათვის, რომ შემიზღუდონ უცხოეთში გადაადგილება. დაკავებას რაც შეეხება, კომპლექსური საკითხია, წვალობს ივანიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა პოლიციას მიმართეს ინფორმაციით, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა, დღის ბოლოს, იმავე მუხლით ბრალი გიგი უგულავას წაუყენეს.