თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული 4 პირის პროცესი 20 დეკემბრისთვის გადაიდო. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დაკავებულების ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
უფლებადამცველი მოთხოვნის არგუმენტად საქმის გასაცნობად საჭირო მეტ დროს ასახელებდა. საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო 4 პირს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
"გადაიდო განხილვა იმისთვის, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინოს სრულყოფილი ვიდეო მასალა და ასევე მოწმეები, ვინც დაადასტურებენ, რომ ნუგზარ ჭონქაძის, მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ზონდერის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს, ფიზიკურ ძალადობას. სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავ, ამ გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდების დაკავების და სასამართლოში გადმოყვანის ნაცვლად, მოახდინონ რეაგირება ნუგზარ ჭონქაძის კრიმინალურ ქმედებებზე," - განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.