17 აპრილი 2024,   01:55
ვრცლად
ნარკოლაბორატორიები საქართველოში და საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა - დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ

დედაქალაქის გარეუბანში გიორგი ოდიშელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კერძო სახლის პირველ სართულზე ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ოთახი, სადაც ნარკოტიკები მზადდებოდა დღეს ცარიელია, ინვენტარი და აღჭურვილობა გამოძიებამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ახლა ამ სახლში საქართველოს მოქალაქე ქირით ცხოვრობს. მისი ინფორმაციით, ნარკოდანაშაული 1 თვის წინ გამოვლინდა.

ერთ-ერთი ბრალდებული საცხოვრებელს რამდენიმე დღით წერეთლის გამზირზე ქირაობდა. როგორც ბინის პატრონი ამბობს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ სახლი ინტერნეტსაიტიდან დაჯავშნა, მასპინძელს გაეცნო, როგორც სტუდენტი, მოგვიანებით კი გაუფრთხილებლად გაუჩინარდა. დაახლოებით ერთი თვის წინ მისამართზე ბინის გასაჩხრეკად პოლიცია მივიდა.

ნარკორეალიზაციის საქმეზე დაკავებული არიან რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთისა და საქართველოს მოქალაქეები, მათ შორისაა დანაშაულებრივი ჯგუფის რეგიონული მენეჯერი უკრაინიდან. ბრალდებულებს გამოძიებამ თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც მიაკვლია. ყველანი საქართველოში ქირით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი ლაბორატორია ბათუმშიც მდებარეობდა.

გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები რუსეთის მოქალაქის ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა. ყოველი მათგანი საკომუნიკაციო საშუალებად ინტერნეტ აპლიკაცია "ვიპოლს" იყენებდა, რომლის მეშვეობითაც კავშირი ჰქონდა, როგორც უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოში მყოფ რეგიონულ მენეჯერთან.

ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შსს-მ წლის დასაწყისში სპეციალიზებული დანაყოფი შექმნა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მსგავსი მასშტაბის დანაშაულის გამოვლენა ბოლო წლებში უპრეცედენტოა. ნარკორეალიზაციისა და დამზადების სქემის გაშიფვრა კი ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

ბრალდებულთა ადვოკატების უმეტესობამ დღეს საჯარო კომენტარისგან თავი შეიკავა, განაცხადეს მხოლოდ ის, რომ დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. "კურიერის" ინფორმაციით დაკავებულებს შორისაა, ყირგიზეთის მოქალაქე, 20 წლის სტამბეკ ბეკტემიროვი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით შუამავლის ფუნქციას ასრულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება "შავ ბაზარზე" 6 მილიონამდე ლარს შეადგენს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები