18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ვაჟა გფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც კოორდინაციას გიორგი კეკელიძე გაუწევს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით მას შემდგომ, რაც ე.წ. სასამართლომ ვაჟა ექიმს პატიმრობა 1 წელიწადითა და 9 თვით მიუსაჯა, ერთი კვირის თავზე ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე გაუწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფის წევრებს აქტიური კომუნიკაცია ექნებათ როგორც ინსტიტუტებთან, ასევე დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმირებისთვის.

"ახლა საჭიროა, რომ ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა. ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით. ერთის მხრივ ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ბიზნეს ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

მეორეს მხრივ კი გაიმართება სიმბოლური აქციები, რომლებიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ პრობლემის აქტუალურობას,"- აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი თათა გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მინისტრის უპირველესი მოვალეობა საკუთარი მოქალაქის თავისუფლების დაცვაა.

"შევხვდით პრემიერ-მინისტრს. არსებობს კიდევ ის შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ და პირადად პრემიერ-მინისტრმაც იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

მისი უპირველესი მოვალეობაა თავისუფლების დაცვა თავისი საკუთარი მოქალაქის.

მე დარწმუნებული ვარ და მასაც ვუთხარი, რომ სახელმწიფოს აქვს ის ბერკეტები, ძალიან გაცვეთილი სიტყვაა და უკვე მოგვბეზრდა მე მგონია ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება," - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი კი თავის მხრივ ამბობს, რომ ადვოკატები ყველა შესაძლო და საჭირო მოქმედებას განახორციელებენ ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად.

"ადვოკატები გააკეთებენ ყველა შესაძლო და საჭირო მოქმედებას, ყველა პროცედურას, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მისი უფლებები იმ მინიმალურ დონეზე, რაზედაც არის ახლა იქ საუბარი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების თაობაზე," - აცხადებს "საია-ს" თავმჯდომარე.

დღის ამბები