18 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ყასემ სოლეიმანი სამშობლოში გადაასვენეს - ამერიკა და ირანი ომის ზღვარზეა

ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი სამშობლოში გადაასვენეს. ათასობით ირანელმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ აჰვაზის ქუჩებში სამგლოვიარო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. აჰვაზიდან ცხედარს თეირანში გადაასვენებენ, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქ კერმანში დაკრძალავენ.

გლოვაა ირანის დედაქალაქშიც. ათასობით ადამიანი თეირანის ქუჩებში ანტიამერიკული სლოგანებით გამოდის. მსგავსი რიტორიკა ისმის ირანის პარლამენტშიც, სადაც დეპუტატებმა შტატების მიერ ირანელი გენერლის მკვლელობას ტერორისტული აქტი უწოდეს. "სიკვდილი ამერიკას"- სკანდირებდნენ პარლამენტარები.

"ბატონო ტრამპო, თქვენ უდიდესი დანაშაული ჩაიდინეთ. ისტორიაში დამნაშავის სახელით შეხვალთ. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ტყუით და ეს თქვენ ჩაიდინეთ ტერორისტული აქტი. შედეგი მტკივნეული იქნება თქვენთვის. დატოვეთ ეს რეგიონი, სანამ დროა," - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანიმ.

ირანი რომ სოლეიმანის სახელით შურისძიებისთვის ემზადება, ამაზე მეტყველებს ის წითელი დროშაც, რომელიც შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ აღმართეს. მუქარის ფონზე თეირანის მიმართ მკაცრ რიტორიკას არ ცვლის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. უფრო მეტიც, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის შურისძიები შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი სწრაფი და ძლიერი იქნება.

"ირანი მკაფიოდ და ხაზგასმით საუბრობს, რომ მზადაა, დაარტყას კონკრეტულ ამერიკულ ობიექტებს და ეს შურისძიების მიზნით გააკეთოს, რადგან მსოფლიოს ტერორისტების ლიდერი მოვაშორეთ. მან არაერთი ადამიანი მოკლა, მათ შორის, ირანელი დემონსტრანტები. ის თავს ესხმოდა ჩვენს საელჩოს და დამატებით დარტყმებს სხვაგანაც ამზადებდა. ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის. ეს უნდა იყოს გაფრთხილება, რომ თუ ირანი დაარტყამს რომელიმე ამერიკელს ან ამერიკულ ობიექტებს, ჩვენ უკვე ამოვიღეთ მიზანში 52 ირანული ობიექტი. ამ სამიზნეების ნაწილი ირანისთვის და ირანული კულტურისთვის მნიშვნელოვანია. აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს," - აღნიშნა ტრამპმა.

მუქარებისა და მკაცრი რიტორიკის ფონზე, რომელიც როგორც თეირანში, ისე ვაშინგტონში ისმის, გერმანია მზადაა მედიატორის როლის შეასრულოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი განმარტავს, რომ ბერლინი ირანთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა.

ვითარების განმუხტვის მიზნით კი მოლაპარაკება უკვე დაწყებულია შტატების სახელმწიფო მდივანთან. განმარტებებს აკეთებს მაიკ პომპეოც, რომელიც ამერიკულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი ამერიკელების დახოცვას აპირებდა. სოლიემანის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეოპერაციის შესახებ კი ინფორმაცია წინასწარ ევროპასაც მიაწოდეს.

"რაც მოვისმინე, პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკაა, რაც უცნაურად მიმაჩნია. მაგრამ კრიტიკა იმის შესახებ, რომ არ არსებობს შემდგომი სტრატეგია, ნებაყოფლობითი სიბრმავეა. არსებობს ღრმა სტრატეგია და მისი ცენტრალური ნაწილი არის კოალიცია, რომელშიც საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები და ისრაელი შედიან. ირანი პრობლემაა რეგიონში. ვისურვებდი, ევროპული ქვეყნები მეტად დაგვხმარებოდნენ. ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამერიკამ ევროპაც იხსნა," - განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

ირანელი გენერლის მკვლელობასა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას შტატების მოქალაქეების ნაწილიც გმობს. თეთრ სახლთან სოლეიმანზე ერაყში განხორციელებული თავდასხმის გამო დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ირანთან ვითარების დეესკალაცია სურთ. "არა ომს" - სკანდირებდნენ დემონსტრანტები და დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდნენ. ანალოგიური აქციები გაიმართა ლოს- ანჯელესში, ნიუ იორკში, ჩიკაგოსა და სხვა დიდ ქალაქებში.

ირანელი გენერალი შტატების სპეცოპერაციის ფარგლებში ბაღდადში მოკლეს. ცნობილია, რომ ტრამპმა სულეიმანის მკვლელობა მრჩეველთა ვიწრო წრეში დაგეგმა და კონგრესის ნებართვის გარეშე განახორციელა. მანამდე ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. ვაშინგონი ამ თავდასხმის წახალისებაში სწორედ თეირანს ადანაშაულებდა. 

დღის ამბები