თემატური მუსიკალური ნომრები, საშობაო ალილო და ტრადიციული კერძები სტუმრებისთვის - ასე შეხვდება ქუთაისი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღონისძიება იმერეთის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და მას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული კვების ობიექტები შეუერთდებიან.
დღეს საღამოს 7-დან 9 საათამდე, საზეიმო აქტივობებთან ერთად, ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდებიან და ამ ფორმით მათ შობის დადგომას მიულოცავენ.
"საღამოს ქალაქში ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი. მიხარია, რომ ჩვენი სამსახურის ინიციატივას შემოუერთდა ქალაქში არსებული ყველა კაფეტერია. საღამოს ყველას, სტუმრებსა და ადგილობრივებს ვეპატიჟები მსვლელობაზე და ერთად აღვნიშნოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული," - განაცხადა იმერეთის ტურიზმის ხელმძღვანელმა ტატო ლელუაშვილმა.