კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. 39 წლის მამაკაცი ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც კლუბის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
ცნობილი ხდება, რომ სამივე დაჭრილი, მათ შორის ერთი ქალი, "ბასიანის" თანამშრომლები არიან. სროლა ღამით მოხდა. დაპირისპირების მიზეზად ბარმენთან შელაპარაკება სახელდება.
საგამოძიებო მოქმედებები კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის კლუბის მთავარი შესასვლელი დაკეტილია.
"კურიერი" დილიდან ცდილობს დაუკავშირდეს კლუბის ხელმძღვანელობას, თუმცა ისინი ამ დრომდე "კურიერის" ზარებს არ პასუხობენ.
წინასწარი ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს, ბიძინა ჩაჩხიანს, ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარაკების გამო დაცვამ კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის "ბასიანში" დაბრუნდა და იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მოგვიანებით, საკუთარ სახლთან დააკავა. სამართალდამცველებმა იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.