21 დეკემბერი 2024,   18:16
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგ უკანონო არჩევნებამდე, გადამგდარ დე ფაქტო ლიდერს ვალერი ბგანბა ჩაანაცვლებს

მორიგ უკანონო არჩევნებამდე, გადამგდარ დე-ფაქტო ლიდერს, დროებით ვალერი ბგანბა, ამჟამად არაღიარებული პრემიერი ჩაანაცვლებს. 22 მარტს ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაულ ხაჯიმბა არ იქნება. დე-ფაქტო ლიდერმა ე.წ. საარჩევნო რბოლასთან ერთად სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაც გადაიფიქრა. ეს ყველაფერი კი კრემლის რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ, რასაც საკუთარ აგარაკზე პუტინის ემისრებთან შეხვედრა მოჰყვა. ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს გადაწყვეტილების შესახებ სწორედ რუსულად მიმართა.

ახალ ამბავს ქუჩაში ემოციები მოჰყვა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მიმართვა დემონსტრანტებს ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ წაუკითხა. ხაჯიმბას ამავე შინაარსის მოთხოვნა უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ე.წ. პარლამენტმა დღეს რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ დააკმაყოფილა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხაჯიმბასთან ერთად თანამდებობა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმაც დატოვა. უკანონო კენჭისყრაზე კი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, ოპოზიცია ასლან ბჟანიას კანდიდატურას აყენებს. იგი სექტემბრის ე.წ. არჩევნებში ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო. იმ ფაქტს, რომ ოპოზიციას მხარს რუსეთი უმაგრებს, არც თავად მალავენ.

კიდევ ერთი პირი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში სავარაუდოდ ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტი იქნება, ახრა ავიძბაა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან პირდაპირ კავშირში მყოფი ავიძბა, რუსული სპეცსამსახურებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია მეტსახელით "აფხაზი". ის დონბასში სეპარატისტებთან ერთად იბრძოდა, ახლა კი სიტუაციის დასარეგულირებლად მშობლიურ მიწაზე დააბრუნეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ახლა ვითარება მშვიდია. 4 დღის წინ დაწყებული პროტესტისა და შტურმის შემდეგ, დემონსტრანტებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვეს. ახლა ოკუპირებულ რეგიონში მორიგი უკანონო არჩევნებისთვის მოემზადებიან, რომლის ლეგიტიმაციასაც საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.

დღის ამბები