ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისები დაინიშნოს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ ფრენების დანიშვნა დადებითი მოვლენა იქნება, თუმცა გადაწყვეტილება რუსეთმა უნდა მიიღოს.
"თუ ფრენები აღდგა, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების შესაძლებლობას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციამ და არა ვლადიკავკაზმა. თუ ფრენები აღდგა, რა თქმა უნდა, ეს არის შემდეგ უკვე შესაბამისი კომპანიების გადასაწყვეტი, რომელი ქალაქებიდან განახორციელებენ ფრენებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარა იქნება თუ ვლადიკავკაზი, თუ ფრენები აღდგა, თავისთავად, ეს იქნება დადებითი მოვლენა,“ – აცხადებს ირაკლი ბერაია.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჰაიდარ-ბეკ ბუტოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ავიამარშრუტის დანიშვნის იდეას მხარს უჭერენ საქართველოს და ჩრდილოეთ ოსეთის აეროპორტების, ტუროპერატორებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.