გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა. ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 80 მილიონამდე ინვესტიციით აშენდა. მთავრობის წევრების განცხადებით, სადგური ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე ზამთრის სეზონს სრული მოცულობით უზრუნველყოფს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, თბოსადგური "გარდაბანი 2" ძველ ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურებზე ორჯერ უფრო ეფექტურია.
"დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი ახალი მასშტაბური ობიექტი, ეს არის "გარდაბანი 2", კომბინირებული ციკლის 230-მეგავატიანი თბოსადგური. ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური, რომელიც არის თითქმის ორჯერ უფრო ეფექტური ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები, რომელიც არის ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით შესრულებული თბოსადგური და ეს თბოსადგური არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას," - განაცხადა ნათია თურნავამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ენერგო მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძლიერი გენერაცია.
"ქვეყანაში ენერგო მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ძლიერი გენერაცია როგორც დივერსიფიცირებული, მაგრამ აბსოლუტურად მდგრადი და სტაბილური. 2012 წლიდან ქვეყანაში სიმძლავრეების ნაწილში დაემატა დაახლოებით 1200 მეგავატი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი და გენერაციაში ინვესტიციები უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.