"ჩვენ დღესაც ვსაუბრობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელ ერთეულად ვაღიარებთ", - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას განცხადებას სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.
ციხელაშვილის განცხადებით, რუსეთისგან დეოკუპაციის პარალელურად, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან დიალოგის დაწყება აუცილებელია.
"თქვენ იცით, რომ ჩვენი პოლიტიკა შედგება 2 მიმართულებისგან - ერთი არის დეოკუპაცია რუსეთთან მიმართებაში და მეორე არის სწორედ დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ზუსტად ბოლო პერიოდში ზოგადად გაიზარდა კონტაქტები და მათ შორის სხვადასხვა ჯგუფებთან. ზოგჯერ ეს პროფესიული ჯგუფებიც არის, როგორც გითხარით, ბიზნესის თუ სავაჭრო ურთიერთობებში დაინტერესებულ პირებთანაც.
დღესაც ვსაუბრობთ ჩვენ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვაღიარებთ რაღაც დამოუკიდებელ ერთეულად. ამიტომ, მოლაპარაკებებისას მხარეების სტატუსი მოქნილად შეიძლება იქნას განსაზღვრული. მომლაპარაკებლის სტატუსით შესაძლებელია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან საუბარი, რაც მომხდარა, ახლაც ხდება, უფრო ქვედინების სახე აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ თუ უფრო გაიშლება, იქნება სასურველი," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.