22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ზეწოლა და მუქარა სამართალდამცველების მხრიდან - 10 წლის ბიჭი დეტალებს "კურიერთან" ყვება

10 წლის ბიჭი "კურიერს" სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის დეტალებს უყვება. არასრულწლოვანი 11 დეკემბრის საღამოს იხსენებს, როდესაც პოლიციელებმა მისი მამა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მკვლელობისთვის დააკავეს.

10 წლის ბიჭის თქმით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანს სახლის ჩხრეკის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც მათ მთავარ კითხვაზე - თუ სად იყო მკვლელობის დღეს სავარაუდო დამნაშავე, ბავშვისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს. მკვლელობა 9 დეკემბერს წალკის რაიონში მოხდა.

10 წლის ბიჭის მსგავსად, "კურიერთან" მეუღლის დაკავებას იხსენებს ბავშვის დედაც. მშობლის თქმით, 11 დეკემბერს, შინ დაბრუნებულს ბინაში ატირებული შვილი და სამი პოლიციელი დახვდა. როგორც დედა ამბობს, 10 წლის ბიჭს მომხდარის შემდეგ ექიმმა ფსიქოლოგიური პრობლემები დაუდგინა.

სამედიცინო ცნობა საჩივართან ერთად დღეს დედამ და მისმა უფლებადამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეიტანეს. რატომ გამოკითხეს ბავშვი წარმომადგენლის გარეშე - ეს მთავარი კითხვა დედას ახლა გამოძიების მიმართ აქვს.

კანონდარღვევაზე საუბრობს ოჯახის ადვოკატიც. უფლებადამცველი საქმეში სახალხო დამცველის ჩართვასაც გეგმავს.

მკვლელობა 9 დეკემბერს წალკის რაიონში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, წალკის რაიონში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 85 წლის მამაკაცს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მოხუცს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა, ერთ-ერთი მათგანი 10 წლის ბიჭის მამა - 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

დღის ამბები