ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება. პროკურორ თორნიკე ნადირაძის ინფორმაციით, ჯანაშიამ მკვლელობა აღიარა.
პროკურორის განმარტებით, გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმსუბუქდება, თუმცა რამდენი წლით ჯერჯერობით უცნობია.
"ბრალდების მხარეს იგივე პოზიცია აქვს, რაც ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში, რომ გ.ბ-ც(გუგა ბარბაქაძე) მონაწილეობდა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. რაც შეეხება გ.ჯ-ს(გიორგი ჯანაშია) მასთან ბრალდების მხარის მიერ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ადვოკატმა და მსჯავრდებულმა ერთობლივი განცხადებით მოგვმართეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმება გვთხოვეს. აღიარეს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად ამის გათვალისწინებით მოხდა შეთანხმება. საუბარია უბრალოდ პროცესზე აღნიშნული საკითხის გაჟღერებაზე. შუამდგომლობას დააყენებს ბრალდების მხარე და შესაბამისად ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე, რომ განაჩენი სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანოს," - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, დღეიდან მსჯავრდებული პირების საქმის განხილვას უზენაესი სასამართლო იწყებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი ჯანაშიას დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო 9 წელი, გუგა ბარბაქაძეს კი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 10 წელი მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლომ კი სასჯელი კიდევ უფრო დაამძიმა და მოზარდებს თითო-თითო წელი დაუმატა. გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ორივე მხარემ გაასაჩივრა.