22 დეკემბერი 2024,   09:40
ვრცლად
თელავის სკოლაში მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი - ბიოლოგიის მასწავლებელი გავრცელებულ ინფორმაციას გაზვიადებულს უწოდებს

თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელსაც 11 წლის ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ, პირველ კომენტარს აკეთებს.

ბიოლოგიის მასწავლებელი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ძალადობის შესახებ გაზვიადებულია.

"დაველოდები სკოლის დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებას. მუშაობის პროცესშია ეს საკითხი. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ვხვდები ცოტა გაზვიადებულად მიეწოდება საზოგადოებას ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია. ბევრის ინტერესების გათვალისწინებით, პირველ რიგში ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მოვერიდები ამ ეტაპზე," - აცხადებს თელავის ერთ-ერთი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან ბელაშვილიც ადასტურებს, რომ მასწავლებელმა 11 წლის მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და საკლასო ოთახიდან დერეფანში გამოაგდო. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი სკოლის დერეფანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებშიც აღბეჭდილია.

"იყო ფიზიკური შეხების ფაქტი. რამდენადაც ვიცი მასწავლებელმა ხელი წაავლო ბავშვს და გაკვეთილიდან გამოაგდო დერეფანში. ამას შეესწრო დირექტორი, მანდატური და ყველაფერი დაფიქსირებულია ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით. იმავე საღამოს დამირეკა დირექტორმა, ჩამაყენა საქმის კურსში, ეს იყო საღამოს ცვლა. მეორე დღეს, 23-ში უკვე დირექტორმა მიმართა დისციპლინურ კომიტეტს, რომ დაეწყოთ მოკვლევა აღნიშნული საკითხის ირგვლივ. ვიცი, რომ დისციპლინური კომიტეტი აწარმოებს მოკვლევას," - განაცხადა ლევან ბელაშვილმა.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები