მორის მაჩალიკაშვილს, რომელსაც ბრალდება პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავებოდა შესაძლოა, რამდენიმე დღეში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
მომდევნო პროცესი კი საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალს გაიმართება.
უფლებადამცველმა მარიამ კუბლაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ საქმის მასალებს გაცნობოდა, ვინაიდან ის საქმეში ახლახანს ჩაერთო. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებაზე.
ბრალდებული ბრალს მხოლოდ პოლიციის მიმართ დამოურჩილებლობაში აღიარებს ხოლო სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
"გვექნება შუამდგომლობა მოსამართლის წინაშე, რათა ცალკე წარმოებად გამოიყოს მორის მაჩალიკაშვილის საქმე, ვიმედოვნებთ, რომ ის რამდენიმე დღეში დატოვებს დაწესებულებას. მორის მაჩალიკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ აღიარებს, რომ იქ რაიმე პოლიტიკური მიზნებით იყო, იქ მხოლოდ საკუთარი ბიძის დასახმარებლად და ხალხმრავლობიდან გამოსაყვანად მივიდა. სწორედ ამ შინაარსის აღიარებით ნაწილში თუ დაგვეთანხმება პროკურატურა, მაშინ ძალიან მალე დატოვებს ის დაწესებულებას," - განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
მორის მაჩალიკაშვილთან ერთად, 20 ივნისს დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის განცხადებით, ბრალდება მათ წინააღმდეგ, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა.
"ბრალად გვედება ჯგუფური ძალადობა, სახელმწიფო ქონების დაზიანება და ასევე პროკურორები მიუთითებენ იმაზე, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა გვინდოდა. ეს ყველაფერი აბსურდი და მოგონილი ბრალდებაა. ჩვენ მივდივართ სასამართლოს გზით და ვამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას, თუ თვლიან რომ საქმე უნდა გამოიყოს, კი ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენ ცალკე გავაგრძელებთ ბრძოლას," - განაცხადა 20 ივნისს დაკავებულმა ბეჟან ლორთქიფანიძემ.