18 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"ფრონტერას" 85 ყოფილი თანამშრომელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით პროტესტის გაგრძელებას აპირებს

კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია"-ის 85 ყოფილი თანამშრომელი, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, პროტესტის გაგრძელებას აპირებს.

ისინი, დღეს პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროტესტის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრა დედოფლისწყაროს საკრებულოს შენობაში ერთ საათს გაგრძელდა. პროფკავშირების წარმომადგენლები დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

მათი ინფორმაციით, მორიგ საპროტესტო აქციას თბილისში, "ფრონტერას" სათაო ოფისთან 6 თებერვალს გამართავენ. ამის პარალელურად კი, პროფკავშირების იურისტები საქმის სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

ცნობისთვის,ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" თანამშრომლებმა 11 თვის სახელფასო დავალიანება რამდენჯერმე გააპროტესტეს და მუშაობა შეწყვიტეს. შედეგად,  კომპანიის მენეჯმენტმა 85 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მოსახლეობის თქმით, სანამ დავალიანებები არ ჩაირიცხება, ნავთობმომპოვებელს სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.

"ფრონტერას" წინააღმდეგ სახელმწიფოს, დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.

დღის ამბები