არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონო დამზადება-გასაღების და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაცვის მხარე საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაკავებული პირების ბრალეულობას არ ადასტურებს.
დღეს მხარეები იმსჯელებენ დედა-შვილისა და დანაშაულში მხილებულ ავსტრალიის მოქალაქის ეპიზოდზე, რომელიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გასული წლის დეკემბერში დააკავეს.
"სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის არსებითი განხილვისთვის გადასაცემად, რაზეც ბუნებრივია დაცვის მხარე იშუამდგომლებს საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა პირველ რიგში მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში მოპოვებული ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, მათი ძირითადი უმრავლესობა, მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა დარღვევით," - განაცხადა ადვოკატმა სალომე კუბლაშვილმა.