6 გარდაცვლილი, მათ შორის ოთხი ბავშვი, ორსული დედა და ოჯახის ახლობელი - ტრაგედია ბაღდათში გვიან ღამით დატრიალდა. ოჯახის 5 წევრი ხანძარს ემსხვერპლა, გარდაცვლილია სტუმრად მყოფი ქალიც. ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი ამ დროს მაღაზიაში იმყოფებოდნენ. ადგილზე პოლიცია და მაშველები ამ დრომდე რჩებიან.
ამ წუთებში ხანძრის ადგილზე თბილისიდან ჩასული ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და სწორედ მათ უნდა დაადგინონ ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
ადგილობრივების თქმით, შენობაში არც გაზი იყო და არც ელექტროენერგია, შესაბამისად ხანძრის შესაძლო გამომწვევ მიზეზად მეზობლები ბუხრიდან ან სანთლისგან გაჩენილ ცეცხლს უკავშირებენ.
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, ადგილმონაცვლეობის გამო ოჯახს 3 თვის განმავლობაში სოციალური დახმარება არ მიეწოდებოდა, თუმცა დეკემბრის თვეში სამივე თვის ერთდროულად მიიღეს.
"ისინი დღესაც კი არიან მიმღები ოჯახის სტატუსით, ანუ არ შეჩერებიათ მიმდინარე ეტაპზე სოციალური დახმარება. მათ უბრალოდ მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტეს, რომ ჰქონდათ ოჯახში დემოგრაფიული ცვლილება. სხვა არანაირი სტატუსის ცვლილება არ ყოფილა. ერთადერთი, სტატუსის ცვლილება იყო ოჯახისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, მათი აბონენტის ნომრის მინიჭების შემდეგ, შესაბამისად 3 თვის განაცდური ერთად აიღეს 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, 2040 ლარის ოდენობით," - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.