18 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
​"ფრონტერას" ოფისიდან გათავისუფლებული 100 თანამშრომელი კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით აქციას გამართავს

"ფრონტერას" ოფისთან ხვალ აქცია გაიმართება. ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. სახელმწიფო ბაჟის შეგროვების შემდეგ კი, დავა სასამართლოშიც გაგრძელდება.

საქმე "ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლების სახელფასო დავალიანებას ეხება.

პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, დასაქმებულები სამსახურიდან კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნის გამო გათავისუფლდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაერთიანებული პროფკავშირებისა და დამოუკიდებელი პროფკავშირების ბრიფინგზე გაკეთდა.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, "ფრონტერას" ოფისიდან 100 ადამიანი კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნის გამო გაათავისუფლეს.

"სულ თავის მენეჯმენტიანად 130 მოქალაქე მუშაობს ამ კომპანიაში, 100 კი გაათავისუფლეს, რადგან მოითხოვეს თავისი კუთვნილი ანაზღაურება. მოვუწოდებ პროფკავშირების წევრებს, იყვნენ სოლიდარულები,"- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

როგორც დამოუკიდებელი პროფკავშირების"სოლიდარობის ქსელი" წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, ნოემბერში 11 თვიანი დავალიანების შემდეგ "ფრონტერას" ოფისიდან თანამშრომლები ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

"11 თვე ჰქონდათ დავალიანება და როდესაც დაიწყეს აქციები, რეაგირება არ მოჰყვა და ნოემბერში, პირიქით უთხრეს, რომ ყველას გაგათავისუფლებთო და ასე დაკარგეს ამ ადამიანებმა სამსახური," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

დღის ამბები