ლანჩხუთის მერიაში საჯარო მოხელეების ნაწილს ხელფასები გაეზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლანჩხუთის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
ხელფასები სამსახურის უფროსებს - 160 ლარით, ხოლო მთავარ სპეციალისტებს 80 ლარით გაეზარდათ.
სახელფასო ცვლილებები საკრებულოს ოპოზიციამ გააპროტესტა და ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კახა ასკურავა აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებს ხელფასი კი არ უნდა მოუმატონ, არამედ სამსახურიდან გაათავისუფლონ.
ასკურავა აქცენტს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე აკეთებს, რომლის თანახმადაც ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მხრივ არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.