19 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური აქტი ხელისუფლების სასარგებლოდ - არასამთავრობო ორგანიზაციები გიგი უგულავას საქმეზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები დღესაც გააკეთეს. 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, დრო და კონტექსტი, რა დროსაც მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება, მის სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. 

"მთავარი არის დრო და კონტექსტი, რა კონტექსტშიც ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება და რა კონტექსტშიც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და, ამასთან, მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა პროკურატურას, იმ უწყებას, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეზე ბრალს ამზადებდა, დღეს უკვე იგივე ადამიანი განიხილავს უზენაეს სასამართლოში და იღებს გადაწყვეტილებას,"- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ აქტს უწოდებს. მშვენიერაძის თქმით, ეს საქმე დასტურია იმ პოლიტიკური მოკავშირეობისა, რაც ახლად დანიშნულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის არის. 

"თავის დროზე, პარლამენტმა აირჩია რა, პოლიტიკური მოკავშირეები უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოხატულებაა, სწორედ ამ პოლიტიკური მოკავშირეობის. ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივი აქტი, ეს არის პოლიტიკური აქტი და, რეალურად, მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად, ხელისუფლების სასარგებლოდ,"- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა.

"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები როგორც პროცედურული ხასიათის ასევე დროსთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ვადები, რომელიც აუცილებელი იყო, რომ ახლა განხორციელებულიყო ამ ტიპის განხილვა, თუმცა ისევ შევდივართ იმ ჭრილში, არჩევნებთან მიმართებაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ასე ერთი ხელის მოსმით ჩიხში შეიყვანა. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი შესაძლებელია კვლავაც რომ გაგრძელდეს, ვინაიდან ვთვლით, რომ ამას მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,"-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები