07 სექტემბერი 2026,   13:36
ვრცლად
გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა რიცხვი - 24 პაციენტის კვლევის პასუხები ლუგარის ლაბორატორიას დღეს ექნება

ინფექციურმა საავადმყოფომ ლუგარის პასუხები დღეს უნდა მიიღოს. ელოდებიან 24 პაციენტის ანალიზის შედეგებს.

ზუსტად ამდენი ადამიანია ახლა მოთავსებული ბოქსირებულ განყოფილებაში. დღეს დილით კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით კიდევ რამდენიმე პირი შეიყვანეს.

პარალელურად ინფექციურში რჩება ის 3 ინფიცირებული, რომელსაც კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა.

"ამჟამად 24 პაციენტი გვყავს ბოქსირებულ განყოფილებაში. გუშინ დილით 36 პაციენტი გვყავდა, 19-ზე ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა და მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა-ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

3 პაციენტი მაღალი ტემპერატურის გამო საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ბანკის თანამშრომელია.

როგორც პაციენტის ძმა აღნი​​შნავს, გოგონა "საქართველოს ბანკში" მუშაობს და კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის გვერდზე იჯდა, სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და გოგონას სიცხე არ აქვს.

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე კი აცხადებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 ადამიანია მოთავსებული.

"ამჟამად რესპუბლიკურში 13 ადამიანია მოთავსებული, მათ ტესტირება აქვთ გავლილი და კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა," - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები