18 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს - გადაუდებელი დახმარების ცენტრი

ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის, მისი პრევენციისთვის მიმდინარე ღონისძიებების და კლინიკებში მოთავსებული პაციენტების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, რომელიც კორონავირუსთან კავშირში არ არის, ოჯახის ექიმს მიმართონ, რათა არ მოხდეს სასწრაფო დახმარების სამსახურის არამიზნობრივი გადატვირთვა.

"მინდა პრევენციულ ღონისძიებებზე ვისაუბროთ. ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ღონისძიებების გატარება ჩვენი რესურსებით.

მნიშვნელოვანია, ყველა მგზავრმა გაგვიმხილოს სიმპტომები, რომლებიც ექნებათ, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი რისკზონიდან ჩამოდიან.

მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლებსაც აქვთ სხვა სახის სიმპტომები, რომლებიც არ არის ვირუსთან კავშირში, მიმართონ ოჯახის ექიმებს და არ გამოიძახონ სასწრაფო დახმარება, რადგან არ მოხდეს მათი გადატვირთვა და საჭიროების შემთხვევაში სხვას არ მოაკლდეს ეს რესურსი," - განაცხადა გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა. 

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციითვე, საკარანტინო ზონაში რჩება 120-მდე ადამიანი, კლინიკაში 35-მდე პირი.

"დღეს საზღვარზე 1600 ადამიანმა გაიარა შემოწმება, აქედან 2 გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. მედიას ვთხოვ, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. აქვე მადლობას გადავუხდი მათ თანამშრომლობისთვის. დამატებითი ფილტრაციისთვის 112-თან ერთად შეიქმნა ჯგუფი, რომელიც გამოძახების დროს ატარებს ინტერვიუს და საჭიროების შემთხვევაში ადამიანი გადაგვყავს პირდაპირ კლინიკაში,"- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

დღის ამბები